English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ შოთა ვეშაპიძე
საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე პრიორიტეტები

რეზიუმე

 10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.03.Shota.Veshapidze

საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოება არის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების ისეთი განვითარების უზრუნველყოფა, რომელიც შექმნის აუცილებელ (მისაღებ) პირობებსა და რესურსებს ეკონომიკური სტაბილურობისა და საზოგადოების განვითარებისთვის. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, პირველ რიგში, ეკონომიკის მდგომარეობით და მსოფლიო ბაზრებზე მისი კონკურენტუნარიანობით ხასიათდება. რაც უფრო სტაბილური და კონკურენტუნარიანია ეკონომიკა, მით უფრო მაღალია მისი ეკონომიკური უსაფრთხოების დონე.

საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოება, მოიცავს მის უზრუნველყოფას საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ძირითად ფორმებში, როგორიცაა: შრომის საერთაშორისო დანაწილების ფარგლებში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემები; გლობალურ ეკონომიკაში პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების შედეგების შეფასება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის; საერთაშორისო ვაჭრობის საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; თანამედროვე სავალუტო და საფინანსო სისტემა და საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოება.

საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების ეფექტური სისტემის ასაშენებლად აუცილებელია ყველაზე საშიში გარე საფრთხეების იდენტიფიცირება, მათი რანჟირება, რათა განისაზღვროს მიმართულებები, რომლებიც საჭიროებენ ოპერატიული რეგულირებას ან თანმიმდევრულ სტრატეგიულ ნეიტრალიზაციას. საფრთხეების შეფასებისას აუცილებელია გამოვიყენოთ როგორც ინდიკატორების მთლიანი რთული სისტემა, ასევე მათი ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხო განვითარების საზღვრებს ასახავს. ეს შესაძლებელს გახდის, გამოვლინდეს საქართველოს საგარეო ეკონომიკური საფრთხეები, გამოწვევები და რისკები, განისაზძვროს მისი გადაჭრის ინსტრუმენტები და რეკომენდაციები.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ჩამყალიბება შეიძლება 5 საფეხურიანი სისტემური სქემის მიხედვით განისაზღვროს, რომელიც მოიცავს:  სტრატეგიის თეორიული კონცეფციების, მეთოდოლოგიური წყაროების და ძირითადი ცნებების განსაზღვრა; არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს ჩართულობის შეფასება: ტენდენციები და შესაძლებლობები;  საქართველოს ეროვნული ინტერესები და სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტები; ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სტრატეგიის რეალიზაციის ორგანიზაცია და მექანიზმები.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული უსაფრთხოება; ეროვნული ინტერესები; საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოება; ეროვნული ინტერესები და სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტები; ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა. 

შესავალი

ეკონომიკური უსაფრთხოება ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მისი კონკურენტული და მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა. ამიტომ,  საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების გამოწვევების განზოგადება, გაანალიზება  და გამოკვლევა აქტუალური საკითხია. ეს შეეხება საქართველოში  გლობალური დინამიზმის პრობლემებს,  ქვეყნის ეკონომიკის თავისუფალ განვითარებას, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საგარეო ვალის, ტრანსნაციონალური კორპორაციების, ეკონომიკური სანქციების როლს და მნიშვნელობას თანამედროვე საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების,    მსოფლიო და რეგიონულ პროექტებში მონაწილეობის  საფრთხეებს და შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია აღნიშნული ტენდენციების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება თანამედროვე ეტაპზე საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების  ახალი გამოწვევების დაძლევის და სრულყოფის მიმართულებით. [1–2, 7–8, 11, 13, 17–18].

წარმოდგენილი სტატიის  ინტერესის სფეროს წარმოადგენს  საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე გამოწვევების და პერსპექტივების გამოვლენა და განსაზღვრა.  საკვლევი თემით  დაინტერესება გამოწვეულია იმით, რომ   საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებულ მოვლენებზე, დანარჩენი ქვეყნების გეოსტრატეგიულ მიზნებზე და მათ გათვალისწინებაზე.

სტატიის ფარგლებში განხორციელებული კვლევის მიზანია საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავისებურებების გამოკვლევა, ძირითადი საფრთხეებისა და გამოწვევების, მაჩვენებლების, ასევე ამ ტიპის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენა, შემდეგი ძირითადი  სფეროების მიხედვით: საგარეო ვაჭრობის სტრუქტურა;  სახელმწიფოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია; საგარეო ვალის მდგომარეობა; საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ზეგავლენა; გლობალური კრიზისების ზეგავლენა; წარმოების ფაქტორების ლეგალური და უკანონო დინამიკის ზრდა.

კვლევის საგანს წარმოადგენს, საქართველოს საგარეო    ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონცეფტუალური საფუძვლების ანალიზი,  თანამედროვე გამოვლინებების შეფასება და სისტემატიზაცია. ანალიზი მოიცავს, რა შედეგები მოუტანა ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობასთან კავშირებმა და მსოფლიო ეკონომიკაში ჩართულობამ, ასევე რა საფრთხეები და შესაძლებლობები იკვეთება სამომავლოდ. კვლევის ობიექტია დღევანდელ ეტაპზე ჩამოყალიბებული საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის  მდგომარეობა, ქვეყნის სტაბილური გრძელვადიანი განვითარების ხელსაყრელი პირობების შექმნა, ქვეყნის ეკონომიკის თავისუფალ განვითარების უზრუნველყოფა, საჭირო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარება და ა. შ.

გამოყენებული კვლევის ძირითადი მეთოდებიდან აღსანიშნავია ინდუქციისა და დედუქციის ზოგადი სამეცნიერო მეთოდები, თეორიული სისტემური ანალიზის მეთოდი და მონოგრაფიული (აღწერითი) მეთოდი. კერძოდ, საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისას, გამოიყენება რამდენიმე მეთოდი: − ზოგადი: საგარეო ეკონომიკურ სფეროში ეროვნული ინტერესების სისტემის ჩამოყალიბება, რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება, საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების მდგომარეობის კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასების სისტემის შემუშავება და ა.შ.; - სპეციალური: საინფორმაციო სისტემების შემუშავება საქონლისა და სერვისების ნაკადში ცვლილებებისა და კრიტიკული ცვლილებების თვალყურის დევნისა და პროგნოზირებისთვის, ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეთა მხარდასაჭერად, ინსტრუმენტების ავტომატიზაცია საგარეო სავაჭრო პარტნიორების საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში    კონტროლისთვის და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ  შეცვლილ პირობებში, კომპლექსურად გამოვიკვლიოთ საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების პრიორიტეტები.

კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს გლობალური ეკონომიკის ტენდენციებისა და რისკების მიმოხილვასა და ანალიზში, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებაში, ასევე საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებების შემუშავებაში.

კვლევის შედეგების მდგრადობა გამოიხატება შემდეგში. თანამედროვე გლობალური მსოფლიოს სწრაფი ცვლილებების პირობებში იზრდება საგარეო ეკონომიკური ასპექტების მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემისთვის. არ არის საკმარისი, როდესაც საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოება განიხილება ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში ეროვნული პოტენციალის უზრუნველყოფის კონტექსტში, ან საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით.  ამიტომ, წარმატებული ისეთი მიდგომა იქნება, როდესაც ქვეყნის საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტები მთლიანობაში, ანუ  სისტემურად იქნება გააზრებული. სტატია წარმოაჩენს ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს საქართველოს საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამავდროულად,  მათი გადაჭრისთვის საჭირო რეკომენდაციებს გვთავაზობს.

ძირითადი ნაწილი

მატერიალური სამყაროს შესწავლის სისტემატური მიდგომა გულისხმობს, რომ უსაფრთხოების ნებისმიერი ობიექტი უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემა, რომელსაც აქვს გარკვეული სტრუქტურა და შედგება ცალკეული ელემენტებისაგან, რომლებიც გარკვეულ კავშირში არიან და ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. ამ მტკიცებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უსაფრთხოების ობიექტის ნებისმიერ დაცვაზე შიდა და გარე საფრთხისა და საფრთხეებისგან  მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ობიექტს მთლიანობაში და მის თითოეულ ელემენტს ცალკე შეუძლია სტაბილურად შეასრულოს ყველა თავისი ფუნქცია. უსაფრთხოების ობიექტად უნდა განიხილებოდეს როგორც საზოგადოება მთლიანობაში, ისე მისი ცხოვრების ცალკეული, ინფორმაციული, სოციალური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური, ეკონომიკური, სამეცნიერო–ტექნიკური, პოლიტიკური, სამხედრო სფეროები. ეკონომიკურ უსაფრთხოებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეროვნული უსაფრთხოების მთლიან სტრუქტურაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ყველა სახის ეროვნული უსაფრთხოება ამა თუ იმ ხარისხით არ რეალიზდება ეკონომიკური მხარდაჭერის გარეშე. [12, 29, 35, 38, 40–42, 46–47].

საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოება, მოიცავს მის უზრუნველყოფას საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ძირითად ფორმებში, როგორიცაა: შრომის საერთაშორისო დანაწილების ფარგლებში ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემები; გლობალურ ეკონომიკაში პირდაპირი და პორტფელის ინვესტიციების შედეგების შეფასება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის; საერთაშორისო ვაჭრობის საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; თანამედროვე სავალუტო და საფინანსო სისტემა და საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოება. [3–4. 10, 51-52 ].

საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების მეცნიერული მიდგომის საფუძვლები ჩამოყალიბებულია სხვადასხვა კონცეფციებში.მათგან აღსანიშნავია კამერალისტური, კეინზიანური და ადმინისტრაციული ბარიერებისგან დაცვის ინსტიტუცონალური  კონცეფციები. საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის კამერალისტური კონცეფცია XIX საუკუნის შუა ხანებიდან იღებს სათავეს. მისი ფუძემდებელი არის მე-19 საუკუნის გერმანელი ეკონომისტი, პუბლიცისტი და პოლიტიკოსი. ფრიდრიხ ლისტი.  ფ. მიერ შემუშავებული ეროვნული ეკონომიკური ინტერესებისა და ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიას, რომელიც ფოკუსირებულია გლობალურ საფრთხეებზე, ეწოდა კამერალური კონცეფცია. ფ. ლისტის იდეებმა, შესამჩნევი გავლენა იქონია პერიფერიულ ქვეყნებზე. ამ ქვეყნებისთვის აქტუალური იყო პროტექციონიზმის პოლიტიკა, ვინაიდან ეროვნული ეკონომიკური ინტერესები დაცული იყო უცხოური ბიზნესისგან, ზოგიერთი პერიფერიული ქვეყანა გახდა ეკონომიკური ლიდერი.  ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების კამერალისტური თეორიის მიხედვით, მიჩნეულია, რომ სამთავრობო ორგანოების მთავარი საქმეა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. [51].

შიდა მაკროეკონომიკური საფრთხეებისგან დაცვის კეინზიანური კონცეფცია მე-20 საუკუნის მეორე მესამედიდან ჩამოყალიბდა. ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების კეინზიანურმა კონცეფციამ ჩაანაცვლა კამერალისტური კონცეფცია. ჯონ მეინარდ კეინზის კონცეფციის თანახმად, „ნაციონალური ეკონომიკის მთავარ საფრთხედ განიხილებოდა არა უცხოური საქონლის კონკურენცია, არამედ უმუშევრობა და ეკონომიკური დეპრესია." [10]. წარმოშობილ საფრთხეებთან გასამკლავებლად მთავრობას რეკომენდაცია მიეცა გაეტარებინა ეკონომიკის აქტიური რეგულირება კონკურენციის პირდაპირი ადმინისტრაციული კონტროლის გზით. ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ვერსიას, რომელიც ფოკუსირებულია ეროვნული ეკონომიკური ზრდის შიდა მაკროეკონომიკურ პირობებზე, უწოდებენ კეინზიანურ ვერსიას.

ადმინისტრაციული ბარიერებისგან დაცვის ინსტიტუცონალურმა  კონცეფციამ, მე-20 საუკუნის ბოლოდან, 1980-იან წლებში დაიწყო პრიორიტეტული ეკონომიკური თეორიის როლის პრეტენზია.  მისი ფუძემდებლის, ე. დე სოტოს მთავარი მეცნიერული აღმოჩენა არის ფუნდამენტურად ახალი მიდგომა ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდის მიზეზების ასახსნელად. მისი აზრით, „ურბანული არაფორმალური სექტორის ზრდის მთავარი მიზეზი არის არა ღარიბებისა და მიგრანტების ჩამორჩენილობა და კრიმინალურობა, რომლებიც თითქოსდა ვერ პოულობენ ადგილს ლეგალურ სექტორში, არამედ ბიუროკრატიული გადაჭარბებული ორგანიზაცია, რომელიც აფერხებს კონკურენტული ურთიერთობების თავისუფალ განვითარებას." [52].

აღნიშნული კონცეფციებიდან გამომდინარეობს, რომ საფრთხეებს თითოეული ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში შეიძლება ქმნიდდნენ უცხოელი კონკურენტები (ფ.ლისტის მიხედვით), „ბაზრის წარუმატებლობა" (ჯ.მ. კეინსის მიხედვით) და „სახელმწიფო წარუმატებლობა" (ე. დე სოტოს მიხედვით).

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ჩამყალიბება შეიძლება 5 საფეხურიანი სისტემური სქემის მიხედვით განისაზღვროს, რომელიც მოიცავს: 1. სტრატეგიის თეორიული კონცეფციების, მეთოდოლოგიური წყაროების და ძირითადი ცნებების განსაზღვრა; 2. არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე დღევანდელ მსოფლიოში საქართველოს ჩართულობის შეფასება: ტენდენციები და შესაძლებლობები; 3. საქართველოს ეროვნული ინტერესები და სტრატეგიული მდგრადი განვითარების ეროვნული პრიორიტეტები; 4. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 5. სტრატეგიის რეალიზაციის ორგანიზაცია და მექანიზმები.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დამუშავების მთავარი წყარო არის ქვეყვის კონსტიტუცია, რომელიც ამტკიცებს ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს.  ისინი ქმნიან საქართველოს საზოგადოების,  ქვეყნის უსაფრთხოების, საქართველოს სახელმწიფოს შემდგომი განვითარების საფუძვლებს, რომელშიც უზენაესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, საქართველოს მოქალაქეების ღირსების დაცვას. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია (ან სტრატეგიები) სტრატეგიული დაგეგმვის საბაზო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და სტრატეგიულ ეროვნულ პრიორიტეტებს, სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში. ასეთი სტრატეგია ეფუძნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების განუყოფელ ურთიერთკავშირს და ურთიერთდამოკიდებულებას. საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელი საბაზო დოკუმენტებით, ქვეყნის განვითარების სტრატეგიებით, კონცეფციებით, კანონებით,  ხელისუფლების სხვადასხვა შტოების დადგენილებებით, განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ინტერესები და სტრატეგიულ ეროვნულ პრიორიტეტები, სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და ამოცანები, ეროვნული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებში, ობიექტურად აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, განუყოფელ ურთიერთკავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფება. მისი დახასიათება შემდეგი ძირითადი ცნებებით შეიძლება: ეროვნული უსაფრთხოება, ეროვნული ინტერესები, სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტები, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა. [19-25].

21-ე საუკუნის მესამე ათწლეულის მიჯნაზე, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით განპირობებული სოციალური პრობლემები და გლობალური  ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე  აისახა. პანდემიის გრძელვადიანი ეფექტები ჯერაც მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად რჩება სწრაფი განვითარების გზაზე. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ კიდევ უფრო კომპლექსური, ცვალებადი და მყიფე გახადა მსოფლიო უსაფრთხოება. იზრდება პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური საფრთხეები. განსაკუთრებული გამოწვევაა საერთაშორისო წესრიგის შეცვლის მცდელობები. ამ ურთულესი საერთაშორისო ვითარების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. შეცვლილი საერთაშორისო რეალობა, პრობლემებთან ერთად, ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ტექნოლოგიების განვითარებისა და  გლობალური კონკურენციის ახალ პირობებში საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით კიდევ უფრო დაჩქარდება ქვეყნის სტაბილური წინსვლა.  ასეთ პირობებში საქართველოში შენარჩუნებულია მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, კეთილდღეობა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა. [15–16, 28, 30, 31–34. 35, 38,44, 48–50].

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: ა) სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; ბ) თავისუფლება; გ) დემოკრატია და კანონის უზენაესობა; დ) უსაფრთხოება; ე) კეთილდღეობა; ვ) მშვიდობა. ეროვნული ღირებულებების საფუძველზე ყალიბდება ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა და დაცვა ხორციელდება საჯარო ხელისუფლების, ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების ძალისხმევისა და რესურსების კონცენტრირებით შემდეგი სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების განხორციელებაზე: 1) საქართველოს ხალხის დაცვა და ადამიანური პოტენციალის განვითარება; 2) ქვეყნის თავდაცვა; 3) სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება; 4) ინფორმაციული უსაფრთხოება; 5) ეკონომიკური უსაფრთხოება; 6) სამეცნიერო–ტექნოლოგიური განვითარება; 7) ეკოლოგიური უსაფრთხოება და რაციონალური ბუნებათსარგებლობა; 8) ქართული ტრადიციული სულიერ–მორალური ფასეულობების, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების დაცვა; 9) სტრატეგიული სტაბილურობა და ურთიერთხელსაყრელი საერთაშორისო თანამშრომლობა. [5–6, 9, 26, 36–37, 43].

ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია მიზნების მიღწევით და სტრატეგიული  ეროვნული პრიორიტეტების ფარგლებში გათვალისწინებული ამოცანების გადაწყვეტით. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს თანამედროვე სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტებია:  1. საგარეო პოლიტიკა,  ]რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება 2. ეკონომიკური განვითარება 3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება 4. სახელმწიფო მმართველობა.  ეროვნული პრიორიტეტების მიხედვით განისაზღვრება   საქართველოს  ეკონომიკური განვითარების მიზნები და ამოცანები შესაბამისი სფეროების და სექტორების მიხედვით, როგორიცაა: 1. მაკროეკონომიკური სტაბილურობა; 2. საგარეო ვაჭრობა; 3. სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობა; 4. კაპიტალის ბაზარი; 5. წიაღისეული და სამთომოპოვება; 6. ენერგეტიკა; 7. ტრანსპორტი და ლოგისტიკა; 8. ციფრული ეკონომიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები; 9. ტურიზმი; 10. ინფრასტრუქტურის განვითარება; 11. რეგიონული განვითარება; 12. სოფელი და სოფლის მეურნეობა;  13. გარემოს დაცვა. [24].

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჭიროა არა ერთი ტიპის საფრთხის მნიშვნელობის აღნიშვნა სხვებთან მიმართებაში, არამედ მათი ურთიერთკავშირის, ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთგავლენის შესწავლა. ლოგიკურია, რომ შიდა საფრთხის ხანგრძლივი არსებობა ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე ქვეყანას უფრო მოწყვლადს ხდის გარე საფრთხეების მიმართ, ხოლო შიდა საფრთხეების გაძლიერება შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს საგარე ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გართულების წინაპირობად. იმიტომ, რომ შიდა საფრთხეებთან გამკლავების გარეშე, სახელმწიფოს ართმევს შესაძლებლობას გაატაროს აქტიური საგარეო პოლიტიკა, დაიცვას შიდა მწარმოებლების ინტერესები, ხელი შეუწყოს შიდა პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ახალი გაყიდვების ბაზრების დაპყრობას და ა.შ. ამასთან, საშინაო და საგარეო საფრთხეების ურთიერთქმედებას მათი ზეგავლენის ეფექტის ამპლიტუდური დამთხვევისას, შეუძლია როგორც აგრეგირებულად გააძლიეროს საერთო საფრთხე, ასევე შეასუსტოს ერთობლივი  ნეიტრალიზაციით. ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაგეგმვის ორგანიზება, გარდა გარე და შიდა საფრთხეების მახასიათებლების გამოყოფის და თვალყურის ჭერისა,  მოიცავს ეკონომიკის მდგომარეობის კრიტერიუმებისა და პარამეტრების განსაზღვრას, რომელიც პასუხობს ეკონომიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელია ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება განხორციელდეს სამმართველო გადაწყვეტილებების სრული შესრულების ეფექტურობის შეფასება და კონტროლი. ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმი - ეს არის ეკონომიკის მდგომარეობის შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანი,  ეკონომიკური უსაფრთხოების არსის ამსახველი პროცესების  თვალსაზრისით. ამ მიზნებისათვის გამოიყენება მაჩვენებელთა სისტემა - სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივი მახასიათებლები, რომელთა გაზომვა და შედარება შესაძლებელს ხდის ეკონომიკური უსაფრთხოების დინამიკის დახასიათებას. ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორებისა და მათი ზღვრული მნიშვნელობების ურთიერთდამოკიდებულების სისტემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოების მდგომარეობის მაკროეკონომიკურ და მიკროეკონომიკურ ანალიზში. [26].

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა შიდა და გარე ეკონომიკური უსაფრთხოების თხუთმეთ ათეულამდე ინდიკატორს, რომელთაგან, შეიძლება გამოიყოს ეკონომიკური უსაფრთხოების ზღვრული სიდიდეების  მაჩვენებლები, შესაბამისი საზომი ერთეულების მიხედვით,  როგორიცაა: 1. მშპ–ს მოცულობა, მლრდ. აშშ დოლარი; 2. მარცვლეულის მთლიანი მოსავალი, მლნ. ტონა; 3. ინვესტიციის წილი ძირითად კაპიტალიში, მშპ-ს %; 4. თავდაცვის დანახარჯების წილი , მშპ-ს %; 5. დანახარჯების წილი სამოქალაქო მეცნიერებებზე, მშპ-ს %; 6. ინოვაციური პროდუქტების წილი მთლიან სამრეწველო წარმოებაში, %; 7. მანქანათმშენებლობისა და ლითონის დამუშავების წილი სამრეწველო წარმოებაში; 8. საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების წილი მთლიან მოსახლეობაში, %; 9. შემოსავლის დიფერენციაციის დეცილური კოეფიციენტი; 10. უმუშევრობის დონე, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის %; 11. მონეტიზაციის დონე, მშპ-ის %; 12. საგარეო ვალი, მშპ–ს %; 13. სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე ბიუჯეტის ხარჯების წილი, მთლიანი ბიუჯეტის ხარჯების %; 14. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი, მშპ–ს %; 15. ინფლაციის მაჩვენებელი, %; 16. ოქროს და სავალუტო რეზერვების მოცულობა, % მშპ-ს მიმართ; 17. საგარეო ვალის გადასახდელების თანაფარდობა  წლიური ექსპორტის მოცულობასთან, %; 18.  იმპორტით მიღებული სურსათის წილი სასურსათო რესურსების მთლიან მოცულობაში, %. მართვის სისტემის ფორმირებისას ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებლები და კრიტერიუმები უზრუნველყოფს: ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროს თვისებრივი მდგომარეობის შეფასების, ეკონომიკური განვითარების პროცესების მონიტორინგის, მათ შორის ნეგატიური პროცესების და შესაბამისად, წარმოშობადი საფრთხეების იდენტიფიცირების, მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების, მიღებული მმართველობითი ზემოქმედებისა და მისი განხორციელების ღონისძიებების ეფექტურობის შეფასების, მართვის ობიექტსა და სუბიექტის საქმიანობაში კორექტირების შეტანის  საფუძვლებს. [27].  

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უძრუნველყოფა თანამედროვე ეტაპზე  გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რომელთაგან აღსანიშნავია:  1. სიღარიბე და შემოსავლების უთანასწორობის მაღალი დონე; 2. ბიუჯეტის დეფიციტი; 3. დოლარიზაციის მაღალი დონე, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალი, რომლის წილი საქართველოს მთავრობის ვალში ისტორიულად მაღალია, რაც ვალის მართვის უმთავრეს პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. 2020 წლის მდგომარეობით, ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებულმა ვალმა მთლიანი ვალის პორტფელის 20.9% შეადგინა, რაც რეგიონისა და სხვა შესადარი ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩება; 4. საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ისტორიულად  უარყოფითი აქვს (დეფიციტი), რაც, როგორც წესი, ფინანსდება საგარეო ვალით ან/და უცხოური ინვესტიციებით. 5. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წლიდან პერმანენტულად უმჯობესდებოდა, თუმცა, 2020 წელს COVID პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის შედეგად კვლავ გაუარესდა და   მშპ-ის 12.5% შეადგინა. 2021 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა გაუმჯობესება დაიწყო და 10.1% შეადგინა. 6. აღსანიშნავია, რომ ვალის მართვის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ახალი სესხების აღების პრიორიტეტიზაციის ერთიანი ჩარჩოს არარსებობა, რომელიც აუმჯობესებს სესხების  შეფასების მექანიზმს და ეფექტიანი ხარჯვის გარკვეულ გარანტიას იძლევა. 7. ფისკალური სისტემის მდგრადობისა და საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთი გამოწვევა სახელმწიფო საწარმოთა არაეფექტიანობაა, რომლის ერთ-ერთი მიზეზია სექტორში კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკების არარსებობა, რაც ხელს უშლის მართვის თითოეული რგოლის ეფექტიანობის მიღწევასა და საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას. 8. ცალკე გამოიყოფა გამოწვევები ეკონომიკის სექტორების მიხედვით,  როგორიცაა: საგარეო ვაჭრობა, სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობა, კაპიტალის ბაზარი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ციფრული ეკონომიკა და საინფორმაციო საზოგადოება, ინფრასტრუქტურა, დასაქმება, შრომითი მიგრაცია, განათლება და მეცნიერება. [24–25].

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას აზრით, დღეს, მთავარი ფაქტორი, რასაც შეუძლია სიტუაცია დრამატულად შეცვალოს და საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეაფერხოს, არის უკრაინის „ავღანეთიზაციის“ საფრთხე და საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები. დროში გაწელილი ომი, გარდა იმისა, რომ ადამიანები იღუპებიან, ანგრევს ყველაფერს, ინფრასტრუქტურას, ეკონომიკას, კულტურას, მეცნიერებას და სხვ. საფრთხეებს წარმოშობს მსოფლიოში დაწყებული დედოლარიზაციის პროცესი, ახალი ვალუტების გამოჩენა, რომელმაც, შესაძლოა საქართველო აიძულოს,  დაეთანხმოს ვაჭრობაში სხვა ვალუტა გამოიყენოს. ბოლო წლებში მიღწეული სწრაფი ეკონომიკური ზრდა განპირობებულია იმით, რომ  საქართველომ დაიცვა თავისი ქვეყნის ინტერესები და ის ომში არ ჩაერთო. ამ ფონზე მოსახლეობის განწყობა არ შეცვლილა. ხალხი ვერ გრძნობს ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დროს ქვეყნიდან მოსახლეობა სწორედ ეკონომიკური პრობლემების გამო გაედინება და არის საშიშროება, რომ მათ ადგილს სხვა ქვეყნიდან შემოსულები დაიკავებენ. ამ პროცესის შეკავება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარებით, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩართულნი იყვნენ ქართული ეკონომიკის წარმოებაში, რაც ინკლუზიურ ზრდას განაპირობებს.  ეს კი  დამოკიდებულია მრეწველობის განვითარებაზე, საზოგადოდ, წარმოების განვითარებაზე. მნიშვნელოვნია, რომ პროექტი "აწარმოე საქართველოში" გახდეს უფრო მასშტაბური, პროგრამებიდან ამოიღონ ტურისტული და მომსახურების სექტორის კომპონენტები და დარჩეს მხოლოდ ის, რასაც მართლა ჰქვია წარმოება - მატერიალური დოვლათის წარმოება. საჭიროა უფრო მეტი ინტენსივობით მუშაობა. დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად ავამოქმედოთ შუა დერეფნის პროექტი. ეს უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკური აღმავლობის მამოძრავებელი ძალა. ამის ყველა საფუძველი არსებობს და აუცილებელია თანამიმდევრული მუშაობა. [11].

დასკვნა

ეკონომიკასთან მიმართებაში უსაფრთხოება გულისხმობს ეკონომიკისა და მისი ელემენტების (მიკრო ან მაკრო დონეზე) ფუნქციონირებას  და განვითარებას, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური ურთიერთობების სუბიექტების, ასევე სხვა ფაქტორების (პოლიტიკური, გარემოსდაცვითი და ა.შ.) საფრთხის მიღების გარეშე.

„ეროვნული უსაფრთხოება" გამოიყენება სახელმწიფოს ცხოველქმედების ძირითადი სფეროების,  მათ შორის ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, საინფორმაციო და ა.შ., მდგომარეობის დასახასიათებლად. ტერმინის შინაარსში მთავარი ადგილი უჭირავს ინტერესებს, ამ ინტერესების საფრთხეებს, ასევე სახელმწიფოს ინტერესების დაცვის უნარს. აქედან გამომდინარე,  საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოება შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების სისტემის მდგომარეობა,  რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების რეალიზებასა და დაცვას გარე და შიდა საფრთხეებისგან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში.

21–ე საუკუნეში გლობალური მსოფლიო სწრაფ ცვლილებებს განიცდის. მისთვის  დამახასიათებელი  გახდა: გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა; მსოფლიო ბაზრებზე კონკურენციის ამაღლება; პროტექციონიზმის ზრდა; ახალი არქიტექტურისა და მსოფლიო წესრიგის წესების ფორმირება; მრავალპორალული მსოფლიო წესრიგის განმტკიცება და ძალაუფლების ახალი ცენტრების აქტიური ჩამოყალიბება. გამოიკვეთა  მრავალი ახალი ტენდენცია, რომელთაგან აღსანიშნავია: გლობალური არასტაბილურობის ტენდენცია; სახელმწიფოთაშორისი წინააღმდეგობების ზრდა; ეკონომიკური ზეწოლა, რომელიც ამცირებს საერთაშორისო ინსტიტუტების გავლენას და მნიშვნელობას გლობალური მმართველობისა და რეგულირების კონტექსტში; მცირდება გლობალური უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობა;  მძაფრდება რეგიონალიზაციის ტენდენცია.

ამ პირობებში იზრდება საგარეო ეკონომიკური ასპექტების მნიშვნელობა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემისთვის. საგარეო ეკონომიკურ უსაფრთხოება სათანადო ყურადღებას მოითხოვს. არ არის საკმარისი, როდესაც საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოება განიხილება ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში ეროვნული პოტენციალის უზრუნველყოფის კონტექსტში, ან საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით.  ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისეთი მიდგომა, როდესაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ძირითად დოკუმენტებში, საგარეო ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიდგომები მთელი სისრულით იქნება ასახული.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. აბესაძე რ. (2020). საქართველოს ინოვაციური პოლიტიკა და სისტემა. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XIII. თბილისი, გვ.10–46. ელექრონული რესურსი: https://www.pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/shr.kreb.2020.pdf
  2. აბესაძე რ. (2022). საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების ძირითადი თეორიულ-მეთოდოლოგიური პრობლემები. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XV. თბილისი, გვ.9–27. ელექრონული რესურსი:  http://pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/2022srkrydit.pdf
  3. ასლამაზიშვილი ნ. (2003). საგარეო ვაჭრობა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.
  4. ბასილია., სილაგაძე., ჩიკვაიძე. (2001).  პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე. თბილისი.
  5. ბედიანაშვილი გ. (2023). პოსტპანდემიური პერიოდის მაკროსისტემური სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები. ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მასალები: “მსოფლიო ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში: შედეგები და გამოწვევები“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. 41-46.
  6. ბედიანაშვილი გ. (2018). კულტურა როგორც ცოდნის ეკონომიკის ფორმირების ფაქტორი პარადიგმული ცვლილებების სისტემურინსტიტუციური კონტექსტით.     გლობალიზაცია და ბიზნესი.  6, 58-66. DOI:  10.35945/gb.2018.06.007
  7. ბერულავა გ., ცუცქირიძე მ. (2022). ეკონომიკური უსაფრთხოების და ეკონომიკური მდგრადობის თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები: საერთაშორისო გამოცდილება. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XV. თბილისი, გვ.114–129. ელექრონული რესურსი:  http://pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/2022srkrydit.pdf
  8. ბურდული ვ. (2022). გლობალური ეკონომიკური საფრთხეები და მათი გავლენა ეროვნულ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XV. თბილისი, გვ.55–113. ელექრონული რესურსი:  http://pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/2022srkrydit.pdf
  9. ვეშაპიძე შ. (2018). კაცობრიული ღირებულებები ეკონომიკური ხედვით. თბილისი, „SMARTY.”
  10. კეინსი ჯ. (1995). დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია / თარგმნა რამაზ ნამიჭეიშვილმა; [რედ.: ელგუჯა თავბერიძე]. ქუთაისი : ს/ს "სტამბა" 
  11. კვარაცხელია მ. (2022). გლობალიზაცია და ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XV. თბილისი, გვ.130–144. ელექრონული რესურსი: http://pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/2022srkrydit.pdf
  12. თოდუა გ. (1996). მდგრადი ეკონომიკისა და შეფარდებითი უპირატესობის ერთიანობის საყოველთაო კანონი.  ჟურნალი „ეკონომიკა,“ N 12, გვ. 28–32.
  13. ლაზარაშვილი თ., კაკულია ე. (2022). გლობალური სოციალური საფრთხეები და მათი ეროვნულ სოციალურ უსაფრთხოებაზე გავლენის თეორიული საკითხები. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XV. თბილისი, გვ.155–171. ელექრონული რესურსი:  http://pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/2022srkrydit.pdf
  14. მაჩაიძე რ. (2023). უკრაინის „ავღანეთიზაციის“ საფრთხე და საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები. 20 ივლისი.https://kvirispalitra.ge/article/105165-ukrainis-avganetizaciis-saprtxe-da-sakartvelos-ekonomikuri-gamocvevebi/
  15. მექვაბიშვილი ე. (2018). გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა. თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი.“
  16. პაპავა ვ. (2022). დეგლობალიზაციის პრობლემა და განახლებული გლობალიზაციის პირობებში ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XV. თბილისი, გვ.28–54. ელექრონული რესურსი:  http://pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/2022srkrydit.pdf
  17. ქისტაური, ნ; მელაშვილი, მ; ქველაძე, კ. (2018). ეკონომიკური უსაფრთხოება და მასზე მოქმედი ფაქტორები. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტ-კონფერენცია.  Web:https://www.researchgate.net/publication/330637847_ekonomikuri_usaprtkhoeba_da_masze_mokmedi_paktorebi. ბოლო ნახვა: 30/05/2023.
  18. ხუსკივაძე მ. (2022). ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის გამოცდილების განზოგადება. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XV. თბილისი, გვ.222–238. ელექრონული რესურსი:  http://pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/2022srkrydit.pdf
  19. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. https://faolex.fao.org/docs/pdf/geo216923.pdf
  20. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. https://mfa.gov.ge/national-security-concept
  21. საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ. http://www.economy.ge/uploads/ kanonmdebloba/kavshirgabmuloba/informaciuli_usafrtxoeba.pdf
  22. საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ.“ მიღების თარიღი: 23/03/2015. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2764463?publication=13
  23. საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ. “საქართველოს საკანინმდებლო მაცნე. მიღების თარიღი: 05/06/2012. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1679424?publication=5
  24. ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია. https://www.gov.ge/wp-content/uploads/2022/11/khedva-2030-saqarthvelos-ganvitharebis-strategia-1.pdf
  25. საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია. https://migration.commission.ge/files/ms_2021-2030_geo.pdf
  26. Bedianashvili G. (2023). Macrosystemic Challenges of Uncertainty under the Conditions of Confrontational Globalization. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences. 17(2), 174-179.
  27. Gadzhiev N. G., Gazimagomedov M. A., Doronin A. V. (2021). Ekonomicheskaya bezopasnost [Economic security] (in Russian).
  28. Gvelesiani, M., & Veshapidze, S. (2016a). Euro­pean Values: What Can We Implement from Them and How Can We Implement Them in Georgia. Globalization & Business. (1). 40-46. (In Georgian).
  29. Gvelesiani, M., & Veshapidze, S. (2016b). Values: Limits and Contradictions. Globalization & Business, (1). 35-39. (In Georgian).
  30. Otinashvili, R., Veshapidze, S., & Zoidze, G. (2021). IMPACT OF ECONOMIC CRIME ON THE SUSTAINABLE DEVELOPMENT OF THE STATE. Three Seas Economic Journal 4 (1), 10-17
  31. Papava, V. (2018). The Economics in Crisis and the Main Directions for Transformation of Economic Science. Transformations, 3-4(98-99), 90-108
  32. Papava, V. (2021). On Pseudo De-Globalization, Silk Road Of Global Value Chains And Role Of Georgia – OpEd. https://www.eurasiareview.com/18102021-on-pseudo-de-globalization-silk-road-of-global-value-chains-and-role-of-georgia-oped/.
  33. Papava, V. (2022a). Pandemic, War and Economic Sanctions: From Turbulent to Confrontational Globalization. Eurasia Review, May 23, https://www.eurasiareview.com/23052022-pandemic-war-and-economic-sanctions-from-turbulent-to-confrontational-globalization-oped/.
  34. Papava, V. (2022b). On Sanctionomics. Eurasia Review, March 14. Available at: https://www.eurasiareview.com/14032022-on-sanctionomics-oped .
  35. Silagadze, A., Atanelishvili, T., & Silagadze, N. (2022). Covid Depression and Search for a New Paradigm. Bull. Georg. Natl. Acad. Sci16(1).
  36. Veshapidze, S., (2017). THE TRADITIONS ORIENTATED ON EUROPEAN VALUES IN GEORGIA. Sciences of Europe. VOL 4, No 13 (13)
  37. Veshapidze, S. (2022). Ilia Chavchavadze on the Methodological Aspects of Economic Processes Research and Modernity. Conference: VII International Scientific Conference. At: Tbilisi, Georgia.
  38. Veshapidze, S., & Karchava, L. (2022). Con­tradictions of Globalization under the COVID-19 Pan­demic. Bull. Georg. Natl. Acad. Sci, 16(4).
  39. Veshapidze, S., & Putkaradze, R. (2023). International economic relations of Georgia at the modern stage of globalization. “Ekonomisti” #1, 58–69.
  40. Veshapidze, S., & Zoidze, G. (2021). Insti­tutional Evolution of Higher Education in Georgia. The New Economist, 16(2), 1–1. DOI: https://doi. org/10.36962/NEC6102202133
  41. Veshapidze, S., & Zoidze, G. (2022a). On State Intervention in the Economy through the Budget in Georgia. WORLD ECONOMY AND INTERNATIONAL ECONOMIC RELATIONS. - International Scientific Col­lection - Vol. 5. Kyiv – CUL. https://doi.org/10.5281/ zenodo.5807500
  42. Veshapidze, S., & Zoidze, G. (2022b). Value Choices of the Community in the Context of the CO­VID-19 Pandemic. DOI: https://doi. org/10.5281/ zenodo, 6373197.
  43. Veshapidze, S., Babuadze, N., & Beridze, T. (2015). EUROPEAN VALUES AND CHOICE OF GEORGIA (HUMAN DIGNITY, LAWFUL SOVEREIGNTY, DEMOCRA­CY AND WELLBEING). ACTUAL PROBLEMS OF SUSTAIN­ABLE DEVELOPMENT OF NATIONAL ECONOMIES.(10-11 July, 2015). PUBLISHING HOUSE OF PAATA GUGUSHVILI INSTITUTE OF ECONOMICS OF IVANE JAVAKHISHVILI TBILISI STATE UNIVERSITY. Tbilisi, 79-83.
  44. Veshapidze, S., Zubiashvili, T., & Chiabrish­vili, K. (2021). Globalization and New Opportunities for Georgia. Globalization and Business. 12, 32-36. https://doi.org/10.35945/gb.2021.12.003
  45. Veshapidze S., Otinashvili R., Gvarutsidze A., Abuselidze G., Zoidze G. (2022). Modern technologies to overcome the challenges of globalization. Entrepre­neurship, 10 (2), 22-32 DOI: 10.37708/ep.swu.v10i2.2
  46.  Zoidze, G., & Veshapidze, S. (2022a). The Modern Economy and Values. Cambridge Scholars Publishing. P. 125;
  47. Zoidze, G., & Veshapidze, S. (2022b). Transformation of Economic Policy Priorities Under Covid-19. Three Seas Economic Journal3(2), 35-43.
  48. The Global Risks Report 2021. Weforum.org. [ელექტრონული რესურსი].  http:// www3.weforum.org/docs/ WEF_The_Global_Risks_Report_2021.pdf (ბოლო ნახვა: 28.07.2023).
  49. The Global Risks Report 2022.weforum.org. [ელექტრონული რესურსი]. https://www3.weforum.org/docs/WEF_The_Global_Risks_Report._2022.pdf (ბოლო ნახვა: 28.07.2023).
  50. The Global Risks Report 2023. weforum.org. [ელექტრონული რესურსი].  https://www3.weforum.org/docs/WEF_Global_Risks_Report_2023.pdf (ბოლო ნახვა: 28.07.2023).
  51. Лист Ф. Национальная система политической экономии. М., 2005
  52. Сото Э. де.Иной путь. Невидимая революция в третьем мире. М. : Catallaxy, 1995.